თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე ნათია ბარბაქაძე, დანარჩენ ორ მოსამართლესთან ერთად, სხდომის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ განხილვა დახურულ რეჟიმში განაგრძობს.აღნიშნულს დარბაზში ხმაური და დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის ხმაურიანი რეპლიკა მოჰყვა:
"თქვენ ხართ ბესიკ ბუგიანიშვილი, ოღონდ ქალის სხეულით" - მიმართა მოსამართლეს თორნიკე მამალაძემ.
"ამ დახურვით გამოჩნდა, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილის სულით მოგვევლინა, ოღონდ ქალის სხეულში. ეს არის სააპელაციო სასამართლოში დაწყებულის გაგრძელება. მაშინაც შეეცადნენ, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონოდა, იგივე ხდება ახლაც. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს მამალაძის წინააღმდეგ. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს. უნდათ, რომ ბრალდება მტკიცებულებების გარეშე დატოვონ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დეკანოზ მამალაძის ძმამ და დასძინა, რომ წინასწარ არ იცოდა თუ დეკანოზი მამალაძე სასამართლო დარბაზს დატოვებდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზი დატოვა.