8 დეკემბერს 12 :00 საათზე, ქალაქ ბათუმში სასტუმრო ,,შერატონში’’ ,,სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ მე-7 საერთაშორისო გამოფენა - გაყიდვა ,,BATUMI BUILD 2017’’ ოფიციალურად გაიხსნება.
,,BATUMI BUILD 2017’’ - სამ დღეს გაგრძელდება და 10 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურება. გამოფენის ორგანიზატორი კომპანია ’’GEONET EXPO’’ -ა. ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით, ხელს უწყობს რეგიონში ამ სფეროს განვითარებას.
„BATUMI BUILD 2017“ -ის თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, მედია მხარდამჭერი - აჭარის ტელევიზია, გაზეთი ,,აჭარა’’, TV25.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი ტექნოლოგიები, სხვადასხვა უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი.
გამოფენის ორგანიზატორთა განმარტებით, ,,BATUMI BUILD 2017’’ ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. წელს გამოფენაში 7 ქვეყნის 80-მდე კომპანია მონაწილეობს.
გამოფენის მსვლელობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.