ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგის" ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით: მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგი" ახორციელებდა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმოებული ბენზინისა (რეგულარი) და დიზელის (ლ-62) საწვავის რეგულარულ ხარისხობრივ შემოწმებასა და სერტიფიცირებას. მთლიანობაში გაცემულია 60 ერთეული სერტიფიკატი.
საწვავის ხარისხობრივი შემოწმება ითვალისწინებს შემდეგ პროცედურებს: ორგანოს აკრედიტირებული ექსპერტი თითოეული პარტიის შემოსვლის დროს ახორციელებს ვაგონ-ცისტერნებიდან სინჯების აღებას შესაბამისი ნორმების დაცვით. შემდგომ სინჯები ილუქება და მიდის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, სადაც ხდება მისი ხარისხობრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად ლაბორატორია იძლევა გამოცდის ოქმს, რომელშიც აღნიშნულია საწვავის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები, როგორებიცაა მაგალითად: ოქტანური რიცხვი, გოგირდის მასური წილი, ბენზოლის მოცულობითი წილი და სხვ. გამოცდის ოქმში ნაჩვენებია საწვავის მაჩვენებლების ფაქტობრივი მაჩვენებლების შედარება ნორმატიული დოკუმენტებით აუცილებელ მაჩვენებლებთან. ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანო "მონტიორინგი" გასცემს სერტიფიკატს 3 თვის ვადით.
6 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ საწვავის ესა თუ ის პარტია არ აკმაყოფილებდეს შესაბამისობის სტანდარტს. უფრო მეტიც, აღნიშნული საწვავის ხარისხი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგი" გარდა სერტიფიცირებისა რეგულარულად ახორციელებს მის მიერ გაცემულ სასერტიფიკაციო პროდუქციაზე საინსპექციო კონტროლს, რათა მოხდეს საწვავის ხარისხის კიდევ ერთხელ შემოწმება და მისი შედარება გაცემულ სერტიფიკატთან.