წინასწარი მონაცემებით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ არსებული კიბე სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების დროს ამ კიბის გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.
„მოგეხსენებათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება 243-ე მუხლით, წინასწარი მონაცემებით, კიბე რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი, შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის დროს მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.