„საქართველოს მთავრობა კვლავ არ ასახელებს ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული, უცხოელი, შეიარაღებული პირების ვინაობას“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ წერს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ინფორმაციის ნაკლებობამ თემით სპეკულირება გამოიწვია.
„ოფიციალური პირების თქმით, ისინი არ დაასახელებენ ეჭვმიტანილთა ვინაობას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. თანაც, პრემიერმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ ვინაობას და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. სპეცოპერაცია ოთხი გარდაცვლილით დასრულდა, მათ შორის იყვნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და ერთი სპეცრაზმელი. ინფორმაციის ნაკლებობამ თემით სპეკულირება გამოიწვია. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბინა, სადაც დამნაშავეები ცხოვრობდნენ, ეთნიკურ ჩეჩენს ეკუთვნოდა, ამან კი წარმოშვა ეჭვები, რომ დამნაშავეები ჩეჩნეთთან არიან დაკავშირებული“, - წერს „ალ-ჯაზირა“.
ტელეკომპანია დაუკავშირდა პანკისის ხეობის მცხოვრებსაც.
სულხან ბორძიკაშვილის შეფასებითაც, უცნობია, ვინ იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ ინციდენტი ძალიან უხეშად დაუკავშირეს პანკისის ხეობას.
„სოციალურ ქსელებში ხალხმა ეთნიკურ ჩეჩნებზე თავდასხმა დაიწყო. ისინი უნდა გადაასახლონ, ისინი უნდა დახოცონ, მსგავსი მესიჯები ვრცელდება სოციალურ მედიაში. გამოძიებამ, რომც დაადგინოს, რომ მომხდარს პანკისის ხეობასთან კავშირი არ აქვს, ჩეჩნებზე საზოგადოებრივი აზრი მაინც უარყოფითი დარჩება.“, - განუცხადა ტელეკომპანიას ადგილობრივმა სულხან ბორძიკაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია 22 ნოემბერს გვიან ღამიდან დაახლოებით 20 საათის განმნავლობაში მიმდინარეობდა.
დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
მათი ვინაობა საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია.
სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი, დაიჭრა სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი.
დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.