ექვს თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 1 მლნ. 500 ათასი ლარი დაიხარჯა. 2010 წლის ორ კვარტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებებით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებების დაფინანსება: 2010 წლის 28 იანვრის #10 ბრძანების შესაბამისად 5,0 ათასი ლარი გამოიყო „უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლებისა და სტაჟირების" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთის ქალაქ აიმენში ტრაგიკულად გარდაცვლილი სტაჟიორის ნინო ცეცხლაძის ოჯახის დახმარებისათვის;
2010 წლის 3 თებერვლის #15 ბრძანების შესაბამისად 17,6 ათასი ლარი გამოიყო ფილიპინების რესპუბლიკაში დაკავებული საქართველოს 13 მოქალაქის საემიგრაციო ბიუროს დაკავების ცენტრთან არსებული საკვები ობიექტების დავალიანებისა და საემიგრაციო წესების დარღვევასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად;
2010 წლის 12 მარტის #39 ბრძანებების შესაბამისად 108,6 ათასი ლარი გამოიყო კომპანია „URAL ENGINEERING LTD"-სადმი 2003 წლის 14 აპრილს გაფორმებული ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის საინჟინრო-საზედამხედველო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად გაწეული ორი თვის მომსახურების ღირებულების დავალიანების დასაფარავად;
2010 წლის 21 ივნისის #121 ბრძანების შესაბამისად გამოიყო 30,0 ათასი ლარი, მათ შორის: ტრაგიკულად დაღუპული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის დიომიდე კორძაძის ოჯახის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით 10 000 ლარი, ნონა ბერიძისა და ლაშა სურმანიძის ოჯახების მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით 5000-5000 ლარი და სალომე და მეგი საფარიძეების ოჯახების მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით 10 000 ლარი;
2010 წლის 23 ივნისის #124 ბრძანების შესაბამისად 33,9 ათასი ლარი გამოიყო ფილიპინების რესპუბლიკაში დაკავებული საქართველოს 13 მოქალაქის ფილიპინებიდან საქართველომდე მგზავრობისა და ფილიპინების რესპუბლიკაში ხელმეორედ დაკავებული გიორგი შავიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.