კომპანია The Trump Organization -ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაიკლ კოენი აცხადებს, რომ ამერიკელმა მილიარდელმა, დონალდ ტრამპმა უკვე განსაზღვრა საქართველოში "ტრამპის ცათამბჯენის” მშენებლობის ადგილი.
"უკვე განვსაზღვრეთ ორი პროექტი, ერთი უფრო კონკრეტული ვიდრე მეორე, რომელიც ჩემის აზრით ტრამპს დააინტერესებს, ტრამპის ცათამბრჯენის მშენებლობისთვის", _ განაცხადა The Trump Organization -ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოენმა.
ტრამპის სეციალურმა მრჩებელმა, მაიკლ კოენმა, მშენებლობისათვის თბილისსა და ბათუმში 13 პოტენციური ადგილი დაათვალიერა.
"ახლა ყველაზე საინტერესო პოტენციურ პროექტს ვაფასებთ, რომელიც მრავალ კრიტერიუმს ეფუძნება და ვიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომ ვიზიტთან დაკავშირებით", _ განაცხადა კოენმა.
თუმცა მას არ განუმარტავს პოტენციური პროექტის განლაგების ადგილი და არც ინვესტიციის მოცულობა. მხოლოდ განაცხადა ის, რომ ყველაფერი რაც ტრამპს უკავშირდება დიდ მოცულობისაა. "ნებისმერი ინვესტიცია, რაც ტრამპს უკავშირდება იქნება ძალიან დიდი და ბევრი ბევრი ნულებით", _ განაცხადა კოენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი დააკვირდებიან თუ როგორ მუშაობენ რეგიონში სხვა სასტუმროები, რადგანაც ეს მიმართულება ტრამპის ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კოენმა საქართველოს სასიამოვნო ქვეყანა უწოდა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება გაყვება ბათუმიდან.
ბათუმი მან ნიუ-ჯერსის და ლას-ვეგასს შეადარა და მიესალმა ქალაქის განვითარების მიხეილ სააკაშვილისეულ გეგმას.
"მე ვნახე ქალაქის სამიწლისწინანდელი ფოტოები. დღევანდელი ბათუმი სამი წლის წინანდელთან შედარებით არის "WOW", - განაცხადა კოენმა და დასძინა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ისევე, როგორც დონალდ ტრამპს აქვს კარგი ხედვა და ერთობლივად ისინი საქართველოსთვის დიდ საქმეებს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი საქართველოში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. დონალდ ტრამპმა საქართველოში ინვესტირების საკითხი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ამერიკაში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განიხილა.