ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ევროკავშირის წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აცხადებს, რომ ევროკავშირისა და ზოგი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს სხვანაირად არა თუ საუბარი, არამედ ფიქრიც არ შეუძლიათ.
"იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმი დღეს ევროკავშირისა და სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს. თავად ბიზნეს-პროექტი "სააკაშვილი" ხომ აშშ-ს დაფინანსებულია. 2008 წელს შედგენილი გეგმა "ჩისტოე პოლე" ასევე მართალია შემუშავებულია საქართველოში, მაგრამ მოწონებულია მათ მიერ. ამიტომაცაა, რომ დღეს დასავლეთის წარმომადგენლები დღეს ზუსტად ისევე საუბრობენ, როგორც ქალბატონი ეშტონი", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
თუმცა ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ადრე თუ გვიან პოლიტიკა რომელსაც მხარს უჭერს დასავლეთი დაგმობილი იქნება.
"ადრე თუ გვიან ისინი გაიგებენ, რომ პოლიტიკა რომელიც ხორციელდება სამხრეთ ოსეთის მიმართებაში და რუსეთზე ის ნაწილობრივი ზეწოლა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ბიზნეს-პროექტ "სააკაშვილის" მეშვეობით ახორციელებს დაგმობილი იქნება. ყველაფერი დროის ამბავია", _ აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს, რომ "ევროკავშირი აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას რადგან უკან დასახევი გზა არ არის. სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ნაწილი და არც არასოდეს იქნება".
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ ევროკავშირი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.