საქართველოში მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდა. სტუმარი საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელებულ რეფორმებსა და საბანკო სექტორისათვის შეთავაზებულ ახალ ინსტრუმენტებს გაეცნო.
„უკრაინის დელეგაცია საქართველოში ჩამოსულია იმ რეფორმების სანახავად, რაც წარმატებით განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენთვის, ეროვნული ბანკისათვის ორმაგად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ვინაიდან ბატონი ტიგიპკო წარსულში უკრაინის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე გახლდათ, ამიტომ ეს შეხვედრა ჩვენთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
„ვხედავ რომ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ფაქტია, რომ რეალური საბანკო სექტორის არსებობის გარეშე არ აქვს მნიშვნელობა უცხოური კაპიტალი გვექნება თუ ჩვენი, არ იქნება წარმატებები ეკონომიკის სექტორში. მითუმეტეს, რომ საფონდო ბაზრების ჩამოყალიბებას ბევრი დრო დასჭირდება. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული საბანკო სისტემაზე და ჩვენ ერთობლივად უნდა ვიფიქროთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი", - განაცხადა სერგეი ტიგიპკომ.