„მომხმარებელი უნდა დაფიქრდეს, რამდენად საშიშია ტექნოლოგიის კომპანიების მიერ ინტერნეტში მათ შესახებ მონაცემების შეგროვება, რადგან ეს წარმოუდგენელ წვდომას იძლევა ჩვენს პირად მონაცემებსა და ცხოვრებაზე“, - ამის შესახებ ერთ-ერთი დიდი ინტერნეტ-ბრაუზერის, Opera-ს, დამაარსებელმა, იონ სტეფანსონ ფონ ტეჩნერმა განაცხადა.
როგორც ტეჩნერი reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, დღევანდელი მდგომარეობა ჯორჯ ორუელის ნაწარმოებ „1984“-თან ასოცირდება, რადგან ყველას უყურებენ, უთვალთვალებენ და ყველაზე აგროვებენ ინფორმაციას.
მისივე აზრით, ცუდია, რომ ამას დიდი ყურადღება არ ეთმობა, რადგან შეიძლება, ერთ დღეს, ყველაფერი ცუდი იდეისთვის გამოიყენონ.
ფონ ტეჩნერმა Opera, რომელმაც 350 მილიონი მომხმარებელი შეიძინა, 1996 წელს შექმნა. თავად ტეჩნერმა კი კომპანია 2011 წელს დატოვა, რადგან ჩინური კონსორციუმისთვის მის მიყიდვას არ ეთანხმებოდა.
მან ახლახან დაარსა ახალი ინტერნეტ-ბრაუზერი Vivaldi, რომელიც ინტერნეტ მისამართებს არ ინახავს და როგორც დამფუძნებელი განმარტავს, მომხმარებლის პირად ინფორმაციას ბევრად უკეთ იცავს, ვიდრე Google.
ტეჩნერმა ისიც აღნიშნა, რომ Google Opera-ს პარტნიორი იყო 2008 წლამდე, სანამ Chrome-ს შექმნიდა, ახლა კი Google-მა Vivaldi-ს სარეკლამო ანგარიში დაუხურა.
Vivaldi.net- ს მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ტეჩნერის თქმით, მათი რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომაც მობილური ვერსიაც შექმნასაც გეგმავს.
„ძალიან ვწუხვარ კომპანიების ქცევის გამო“, - ამობობს ტეჩნერი და განმარტავს, რომ ინფორმაციის შეგროვების კუთხით, განსაკუთრებით გამოირჩევა Google და Facebook.
ფონ ტეჩნერი არ გამორიცხავს, რომ არსებული სიტუაციის ფონზე პროპაგანდის ომი დაიწყოს და მაგალითად მოჰყავს, აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როცა მომხმარებელს პოლიტიკური რეკლამა ეგზავნებოდა.
ზოგიერთი ვერსიით, Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამებით რუსეთი მანიპულირებდა.