საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მაგისტრალური გაზსადენის ფოთი-სენაკის მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე დღეს საერთაშორისო ტენდერი გაიმართა.
ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ - SOCAR -ნევთიგაზტიკინტმა, Truboizolcomplecr.Ltd, STEMCOR -მა და ნიუ მეტალ ჯორჯიამ მიიღეს. სატენდერო კომისიამ შეამოწმა მონაწილეთა მიერ წარმოადგენილი დოკუმენტები შეესაბამებოდა თუ არა ტენდერის პირობებს.
კომისია გამარჯვებულს წარმოდგენილი წინადადებების შეფასების შემდეგ, უახლოეს დღეებში გამოავლენს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ზესტაფონი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ნებართვა აპრილში მიიღო. ახლადაშენებული მაგისტრალური მილსადენით უნდა განხორციელდეს გაზის გამათხევადებელი ტერმინალის, საქართველოს შავი ზღვისპირეთის საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ქ.ფოთის, სენაკისა და ხობის ბუნებრივი გაზით მომარაგება. პროექტი, რომლის განხორციელებაც შემოდგომაზე დაიწყება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მომზადდა.
პროექტის განხორციელება იგეგმება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მილების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი 14 ივნისს გამოცხადდა.