საქართველოს მთავრობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია გაზის სტრატეგიული რეზერვის შექმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და გაზის სეზონური მიღება-გაცემის დაბალანსირება. გაზსაცავის მშენებლობის პროექტის წინასწარ ანგარიშზე კომენტარები 16 ივლისამდე მიიღება.
"გაზსაცავის უსაფრთხოებისა და რისკების შეფასებას ახორციელებს დანიური კომპანია RAMBOLL, რომელიც ამუშავებს პროექტის საინჟინრო დიზაინს. პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის დანარჩენ კომპონენტებს იკვლევს CENN - "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი". ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე CENN თანამშრომლობს "მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის" ექსპერტებთან.
ამ დროისთვის მომზადებულია წინასწარი (სკოპინგის) ანაგარიში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარები არა უგვიანეს 16 ივლისისა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე - თბილისი, ბარათაშვილის ქ. 2, 0105. Email: marita.arabidze@minenergy.gov.ge