ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში, ჟენევის მოლაპარაკებებზე ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი ცხინვალში მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ სტუმრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდზე აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
"მინდა ვიცოდე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების აზრი ფილიპ გორდონის განცხადებაზე, რომელშიც იგი აცხადებს, რომ აშშ მიიჩნევს, რომ არ არსებობს არავითარი აუცილებლობა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებისა. ეს ხომ ძირითადი საკითხია, რომელიც სარკოზისა და მედვედევის შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ჩვენი აზრით თავდაუსხმელობის ხელშეკრულება უნდა ეხებოდეს აგრესორი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე თქმით, ჯერაც გადაუწყვეტელია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ახალგორის რაიონის გაზით მომარაგების საკითხი.
თავის მხრივ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ჩოჩიევის უპასუხა, რომ "ის რომ მოლაპარაკებებზე განცხადებები კეთდება ახალი არ არის".
"ასეთ რამ პირველად ხომ არ ხდება, ამ დისკუსიების დროს ჩვენ ადრე საკმაოდ სერიოზული სირთულეებიც გვქონია. ბატონი გორდონის მხრიდან ამგვარი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა. ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს ავუკრძალოთ განცხადებების კეთება. ეს შესაძლოა ჩვენი სამუშაოს ურთულესი კომპონენტიც იყოს. მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საკითხები რთული და საკამათო თემაა, მაგრამ ჩვენ მას ვერ გავექცევით", _ განაცხადა პიერ მორელმა.