ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-12 რაუნდი შესაძლოა გადაიდოს. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში, ჟენევის მოლაპარაკებებზე ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
ჩოჩიევმა ცხინვალში მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს შეხვედრაზე განუცხადა მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებისა და დევნილების საკითხებს.
"მორიგ პროექტში კი რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეს არც ერთი ეს საკითხი გათვალისწინებული არ ყოფილა", _ აცხადებს ჩოჩიევი.
ამას გარდა, ჩოჩიევმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ასევე შეახსენა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდზე აფხაზურმა და ოსურმა დელეგაციებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდმა ჩვენ მომავალ მუშაობაში არასასურველი მომენტები შეიტანა. იმის გათვალისწინებით თუ რით ჩამოხვედით თქვენ ჩვენთან დამოკიდებულია ჩვენი შემდგომი განწყობა. ჩვენ გვინდა მუშაობა იმ შეთანხმებების რეალიზაციის საკითხში რომელიც სარკოზი-მედვედევის შეთანხმებიდან გამომდინარეობს", _ განაცხადა ჩოჩიევმა.