საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრო საქართველოში ტურიზმის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. სამინისტრომ "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების' პროექტის შესამუშავებლად კონკურსი გამოაცხადა. ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორი ავტომატურად გახდება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მინისტრის თქმით, კონკურსის მიზანია, სქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის პოპულარიზაცია; შიდა ტურიზმის განვითარება, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეებისთვის დახმარება, მსოფლიო ტურისტულ ბაზრებზე ქვეყნის გასვლა და დამკვიდრება.
საკონკურსო პირობების მიხედვით, პროექტის მთავარი მიმართულებები უნდა იყოს: ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები; დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლის პერსპექტივები; საქართველოს კონკურენციული უპირატესობები სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიმართულებით; კურორტების ბახმაროსა და ურეკის მთელი წლის სეზონურ კურორტად გადაქცევის პერსპექტივა; საქართველოში ტურიზმის ინსტიტუციური მოწყობის სქემა; პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს პოზიციონირების კონკრეტული მეთოდები; ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების პერსპექტივა (კულტურული, სათავგადასავლო, ეკო, სოფლის ტურიზმი, გურმან-ტურიზმი, ეთნო-ტურიზმი); ტურიზმის განათლების სფეროში არსებული პრობლემები და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ეფექტიანი გზები; ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; საქართველოში არსებული განთავსების საშუალებების კლასიფიკაციის მოდელი;
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის გამოცხადების მიზანია - საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია; ხელი შეუწყოს ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესს; ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებისათვის ხელის შეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება.
ამასთანავე, პროექტი ხელს შეუწყობს - ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას.
კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ან ჩამოთვლილ პოზიციებზე არა ნაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ახლდეს ავტორის ბიოგრაფიული მონაცემები (ჩV), საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართი.
საუკეთესო პროექტის ავტორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის შემდგომი ეტაპების განვითარების ხელშესაწყობად.
პროექტის განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 31 ივლისი.