დღეს, 12 ივლისს, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციის საკითხზე შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ღია საზოგადოება-საქართველოდან" აცნობეს.
შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების მთავრობისადმი მიმართვა გავრცელდება, რომლის თანახმად მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა და პროცესის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.
შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება, რომელსაც კანონპროექტის ინიციატორები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის სხვა წევრები, მთავრობის წევრები, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად, მაგისტრალური გაზსადენი სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოიღეს, რომელთა პრივატიზებაც დღემდე დაუშვებელი იყო.