აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინიციატივით, 13 ამერიკული კომპანიის დელეგაცია სავაჭრო და საინვესტიციო მისიის ფარგლებში საქართველოს ეწვევა. 12-15 ივლისს ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელები 170-ზე მეტ ქართველ ბიზნესმენს შეხვდებიან. პირველი პლენარული სესია ორშაბათს, 10:00 საათზე, სასტუმრო რედისონში გაიმართება.
ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანია ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობის, პირუტყვის გენეტიკის, მზა პროდუქციის, საქონლისა და ფრინველის ხორცის, მარცვლეული კულტურებისა და კვების მრეწველობის სექტორებში.
ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო საქმეთა სამსახურის ადმინისტრატორის თანაშემწე გარი გროუვსი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები შეხვდებიან კერძო ქართული კომპანიების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს.
საქართველოს მთავრობა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ამერიკელ ბიზნესმენებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის, საქართველოს ბაზრისა და მარეგულირებელი გარემოს, აგრეთვე დახმარების იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს. ამერიკელი ბიზნესმენები საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, გააფორმონ ხელშეკრულებები პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესახებ. ისინი ცალკეულ სამრეწველო ობიექტებსაც ეწვევიან.
2009 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში სავაჭრო ბრუნვამ 79 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ორ ქვეყანას შორის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის თითქმის 20 პროცენტია. 2006 წლის შემდეგ ამერიკული პროდუქციის ექსპორტი საქართველოში განუწყვეტლივ იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამერიკული ექსპორტის მოცულობა 35 პროცენტით გაიზარდა.
საქართველო ამერიკულ კომპანიებს ბიზნესის წარმოებისათვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს სთავაზობს. მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველოს მსოფლიოში მე-11 ადგილი უკავია. განათლებული მუშახელის, ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს გამო საქართველო ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ქვეყანაა.