ე. წ. სამხრეთ ოსეთში ვენესუელასა და ნიკარაგუას წარმომადგენლობების გახსნა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ოს სეპარატისტთა ლიდერისთვის ვენესუელასა და ნიკარაგუას ე. წ. ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემას მოჰყვება", _ ეს განცხადება დღეს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მყოფმა ე. წ. ელჩებმა ვენესუელადან და ნიკარაგუადან ლუის მოლინა კუადრამ და უგო ხოსე გარსია ერნანდესმა გააკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ჩვენი აზრით, ამ საკითხს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ვიზიტის მსვლელობისას განიხილავენ", _ განაცხადა ნიკარაგუას ელჩმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები, სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი, ივლისის მეორე ნახევარში ლათინური ამერიკის ქვეყნებში აპირებენ გამგზავრებას. ვენესუელასა და ნიკარაგუას მონახულების შემდეგ ე. წ. პრეზიდენტები კუბასაც მოინახულებენ.
"ვგეგმავთ ვიზიტს ვენესუელაში, ნიკარაგუასა და კუბაში. ამჟამად მზადდება დოკუმენტების პაკეტი, რომელსაც ვიზიტის მსვლელობისას მოეწერება ხელი. აღნიშნული შეთანხმებები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ეხება", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.