პოლიტოლოგი სეპარატისტული აფხაზეთიდან ასტამურ ტანია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში აფხაზეთში ვერავითარ გამოხმაურებას ვერ ჰპოვებს.
"რეინტეგრაციის სამინისტრომ როგორმე უნდა გაამართოს თავისი არსებობა და მასზე გამოყოფილი სახსრები, ამიტომაც იგი ქმნის პროდუქციას, რომელსაც სხვა და სხვა სახის პროგრამებისა და გეგმების სახე აქვს", _ აცხადებს ასტამურ ტანია და დასძენს, რომ "იაკობაშვილის ახალი გეგმა მსგავსი შინაარსის მისი წინამორბედების ბედს გაიზიარებს, იმის გამო, რომ უკვე მის საფუძველში არასწორი თეზისი დევს, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის გადაჭრა აფხაზურ სახელმწიფოსთან დიალოგით კი არ უნდა მოხდეს, არამედ საზოგადოებრივ დონეზე კონტაქტების გაფართოებით".
"საქართველო ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას შეუქმნას ყალბი შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილებაა, და მას თითქოს საქართველოსთან გაერთიანება სურს. სეპარატისტულ-პოლიტიკური რეჟიმი კი კრემლის ნებას ასრულებს", _ აცხადებს ასტამურ ტანია.
მისივე თქმით, სინამდვილეში აფხაზეთში მოსახლეობის თვალში ხელისუფლება სრული ლეგიტიმურობით სარგებლობს, ხოლო "დამოუკიდებლობის" გამყარებისკენ აღებული კურსი საზოგადოების მიერა არის მხარდაჭერილი.
"რა თქმა უნდა იაკობაშვილის გეგმას სრულიად უსარგებლოს ვერ დავარქმევთ და სარგებელი მას (პირველ რიგში მატერიალური) მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ამ დოკუმენტში მოცემული პროგრამებისა და გეგმების განხორციელებაში იქნება ჩართული. აფხაზეთში კი ეს დოკუმენტი ვერავითარ მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გამომდინარეობს სტრუქტურიდან რომლის სახელწოდებაა "რეინტეგრაციის სამინისტრო" და მას "ოკუპირებული ტერიტორიის მიმართ შემუშავებული სტრატეგია" ჰქვია.