ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭომ, ნორვეგიის ალკოჰოლური სასმელების ბაზრის თავისებურებებზე პუბლიკაცია გამოსცა.
პუბლიკაცია, რომელიც ნორვეგიის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის საკითხებში, ქართველი მეღვინეების ინფორმირებისთვის არის გამიზნული, ქართულ ენაზეა მომზადებული და თან ინგლისური ანოტაცია ერთვის.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინიცატივას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დადებითად აფასებს.
"კმაყოფილები ვართ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან თანამშრომლობით, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის - ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის განვითარებას", _ აცხადებს ბაკურ კვეზერელი.
როგორც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოში განმარტავენ, აღნიშნული პუბლიკაცია შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მოკლე ინფორმაცია ნორვეგიის შესახებ; ნორვეგიის ალკოჰოლური სასმელების ბაზრის ისტორიული მიმოხილვა; ალკოჰოლური სასმელების იმპორტის სპეციფიკა; სახელმწიფო მონოპოლიის როლი; სტატისტიკური მონაცემები და ტენდენციები; ალკოჰოლური სასმელების დაბეგვრის სისტემა და სხვა.
"პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, ნორვეგიის ალკოჰოლური
სასმელების ბაზრის სპეციფიკის, სტატისტიკური მონაცემების, დაბეგვრის
სისტემის, იმპორტის პროცედურების შესახებ და სხვა ინფორმაციის ჩათვლით, ქართველ მეღვინეებს ნორვეგიაში მათი პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაში დაეხმარება"- განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, კოტე ზალდასტანიშვილმა.