ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ზნაურის რაიონში ჩატარდა თათბირი, რომელშიც რაიონის განყოფილებებისა და სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, თათბირს ასევე ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი ვალერი შუშენკო და ზნაურის რაიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების წარმომადგენელი სოსლან ხუბაევი.
რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" წარმომადგენელმა ვალერი შუშენკომ თათბირის მონაწილეებს განუცხადა, მოსახლეობისათვის ეცნობებინათ, რომ "სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის" გადალახვისათვის აუცილებელია საშვების აღება.
მისი თქმით, საჭირო საშვების აღება შეიძლება ახალგორის რაიონში არსებულ საზღვრის გადაკვეთის დადგენილ პუნქტებზე.
"იმ ადამიანებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას აპირებენ ეს ახალგორის რაიონში არსებული დადგენილი პუნქტების გავლით უნდა გააკეთონ. ეს პროცედურა აუცილებელია სხვა და სხვა სახის ინციდენტებისა პროვოკაციების თავიდან აცილებისათვის, რომლებიც საზღვარზე ხდება", _ განაცხადა შუშენკომ.
სოსლან ხუბაევმა კი თავის მხრივ დასძინა, რომ აუცილებელია მოსახლეობამ ომის შემდგომ დარჩენილი არარეგისტრირებული იარაღის ჩაბარება დაიყოს და ამის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება რაიონისა და სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს დაავალა.