საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2010 წლის 7 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.25 პროცენტით განისაზღვრა.
2010 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების 0.3%-ით შემცირება ძირითადად სეზონური ფაქტორების გავლენამ განაპირობა. აღნიშნული კლება სეზონური სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოდიოდა, რაც ნაწილობრივ დაკომპენსირდა მედიკამენტებზე ფასების ზრდით. წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.7 პროცენტი შეადგინა. მიუხედავად ინფლაციის მაჩვენებლის ბოლოდროინდელი შემცირებისა, არსებული პროგნოზებით, საშუალოვადიან პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდა 6%-ის ფარგლებში იქნება.
ფულადი აგრეგატების ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალია. მშპ-ს ზრდამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 4.5% შეადგინა. დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვებისა და ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა ეკონომიკური აქტივობის მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს. წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით 10%-ით არის გაზრდილი. ამასთან ლარით გაცემული სესხები 26%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული (კურსის გათვალისწინებით) 3.2%-ით შემცირდა.
ბოლო პერიოდში ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასი კლების ტენდენციით ხასიათდება. არსებული პროგნოზებით ერთწლიან პერიოდში ნავთობზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. აგრეთვე აღსანიშნავია საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციის ტემპის შემცირების ტენდენცია.
ამასთან, ეკონომიკური ინდიკატორების და ფულადი აგრეგატების ზრდის საკმაოდ მაღალ ტემპებს არსებითად საბაზო ეფექტი განაპირობებდა. შესაბამისად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისათვის არასაკმარისად ჩაითვალა. ზემოაღნიშნულისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კომიტეტის წინა სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი 125 საბაზისო პუნქტით გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 21 ივლისს გაიმართება.