სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. ხელისუფლება "რესპუბლიკის ტერიტორიაზე" საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას არ აპირებს. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ცხინვალში მყოფი რუსეთის ფედერაციის საბჭოს ფედერალური საკრებულოს ოფიციალური დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
ოს სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის "ხელმძღვანელობის" ეს პოზიცია უკვე დიდი ხანია ცნობილია.
"კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ ნებისმიერი იმ დამკვირვებლისა, რომელიც აქ ჯაშუშის ფუნქციას ასრულებს. ეს კარგად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დროს, როდესაც ეუთოს დამკვირვებლებმა წინასწარ დატოვეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ამასთან ერთად, მათ ხელთ ჰქონდათ ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რომ საქართველოს მოქმედებებზე გავლენა მოეხდინათ, თუმცა ეს არ გააკეთეს, ისევე, როგორც შემდგომ არ გააკეთეს სერიოზული განცხადებები საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და საქართველოს მცდელობა არ დაგმეს", _ განაცხადა კოკოითიმ და დასძინა, რომ ოსებს მათდამი არავითარი ნდობა არ გააჩნიათ.
"ევროკავშირის დამკვირვებლებიც, ზუსტად ისევე როგორც თავის დროზე ეუთოს დამკვირვებლები, ვალს ხუჭავენ ყველა იმ დარღვევაზე, რომელსაც ქართული მხარე ახორცილებს. ჩვენს ტერიტორიაზე დამკვირვებლების შემოშვებას არ ვაპირებთ ", _ აცხადებს კოკოითი.
შეგახსენებთ, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საბჭოს ფედერალური საკრებულოს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ევგენი სერებრენნიკოვი ხელმძღვანელობს.