აფხაზურ ე. წ. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სამუშაოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ბაღაფშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ხუთმა ქვეყანამ აღიარა, რომელთაგან ოთხი გაეროს წევრია.
ბაღაფშის თქმით, აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარდა საერთაშორისო არენაზე მუშაობისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან ურთიერთობების განვითარებას.
"გრძელდება მუშაობა მნიშვნელოვან რეიგონალურ ქვეყანასთან - თურქეთთან, სადაც ყველაზე დიდი აფხაზურ-ადიღეური დიასპორა ცხოვრობს. ასევე ინტენსიური ხდება აფხაზეთის კონტაქტები აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან",'- განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ მიუხედავად აფხაზეთის უსაფრთხოების დაცვის გაზრდისა, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართ პროვოკაციები გრძელდება.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 2008 წლის ომში დამარცხდა, მოკავშირეთა მხარდაჭერით მისი აქტიური შეიარაღება გრძელდება. საქართველოს უარი არ უთქვამს თავის რევანშისტულ გეგმებზე და ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს აქტუალურს ტოვებს", - განაცხადა ბაღაფშმა.