იმ დარგებს შორის, რომლებიც სეპარატისტული აფხაზეთის ეკონომიკის წარმატებით განვითარებისათვის კარდინალურ ცვლილებებს საჭიროებენ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდრმა სერგეი ბაღაფშმა დღეს ე.წ. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სატრანსპორტო მორერნიზაცია დაასახელა.
"აფხაზეთის ხელისუფლება მნიშვნელოვან სამუშაოს ატარებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნის მომზადების საკითხებში. ტრანსპორტისა და საჰაერო მიმოსვლის საკითხებში ურთIერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით 2010 წელს აფხაზეთსა და რუსეთს შორის მრავალი ხელშეკრულება გაფორმდა. ამჟამად ხელმოსაწერად მზადაა პროექტები სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის შესახებ", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში რესპუბლიკური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რემონტზე მიმართული იყო 1,1 მილიარდი რუბლი საბიუჯეტო სახსრებისა. მიმდინარე წელს კი ბაღაფშის თქმით, გზების რემონტისათვის უკვე დახარჯულია 1 მილიარდი რუსული რუბლი.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებელ პრიორიტეტად ბაღაფში ასევე ასახელებს რკინიგზის, აეროპორტისა და საზღვაო პორტების მოდერნიზაციის საკითხს. მისი თქმით, ის ღონისძიებები, რომლებიც 2010-2012 წლებზეა გაწერილი შექმნის იმის საშუალებას, რომ 2012 წლისათვის აფხაზეთში 150 კილომეტრზე მეტი გზა აღდგენილი იყოს.