ხვალ, 8 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 12 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება.
სამინისტროს ინფორმაციით, გასაყიდ ობიექტებს შორისაა: თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ღირებულებაც 700 ათასი დოლარია. იყიდება ასევე თბილისში, კოსტავას ქუჩა№47/57-ში მდებარე პირველ სართულზე არსებული ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასიც 200 ათას დოლარს შეადგენს.
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩა №7-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (მშენებარე) და მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება კი 100 ათასი დოლარია. საპრივატიზაციო ნუსხაშია ასევე თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩა 29-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა (ნანგრევი) და მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასიც 100 ათასი დოლარია.