"ჩვენ სრულიად მხარს ვუჭერთ რუსეთის მიერ გატარებულ პოლიტიკას და რუსეთთან ურთიერთობის განვითარება ჩვენი პირველადი ამოცანაა. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს", - განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს აფხაზურ ე.წ. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
"სწორედ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში შეძლო ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება, რომელიც მთელს სამხრეთ კავკასიას ემუქრებოდა. ამით რუსეთმა დაამტკიცა, რომ არის რეიგონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ ამ პოლიტიკას მხარს ვუჭერთ, რადგანაც იგი ჩვენს ინტერესებს პასუხობს" - განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ამჟამად დინამიურად განვითარებად ურიერთობებს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში ანალოგი არ მოეძებნება.
"ეს ურთიერთობები პარტნიორული, ურთიერთხელსაყრელი, სამართლებრივი და სახელმწიფოთაშორისია. ამიტომაც რუსეთთან ურთიერთობის განვითარება ჩვენი პირველადი ამოცანაა" - განაცხადა ბაღაფშმა.
რუსეთზე საუბრისას მან მადლობა გადაუხადა კრემლს იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც იგი საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ახორციელებს.
ბაღაფშმა სინანულით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები და ევროკავშირი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მათთვის მიუღებლობას არ ფარავს.