სახალხო დამცველი "თანასწორობის მოძრაობის" წევრთა მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, შესაძლო ძალადობის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინოს.
"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დროულად განახორციელოს რეაგირება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორისა და მოძრაობის წევრის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2017 წლის 25 აგვისტოს აჭარისა და გურიის რეგიონულ დროებითი მოთავსების იზოლატორში თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და თანასწორობის მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი მოინახულეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში, მათ და მათთან ერთად მყოფ ტრანსგენდერ ქალებს უცხო პირები დაესხნენ თავს. მათ პოლიციის თანამშრომლებს სთხოვეს დახმარება, რომლებიც თავდასხმას უმოქმედოდ აკვირდებოდნენ; შემდეგ კი ძალის გამოყენებით მხოლოდ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობიური ნიშნით. დაკავებულთა ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა არ განუმარტეს მათი უფლებები, დაკავების მიზეზი და არც ტელეფონზე დარეკვის საშუალება მისცეს. მათი თქმით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ქონდა პოლიციის განყოფილებაშიც.
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ძალადობისა და ჰომოფობიური გამოვლინებების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციის უმოქმედობაზე და მათ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე უთითებენ. იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მსგავსი ქმედებების წახალისება, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროული რეაგირება განახორციელოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების თითოეულ ფაქტზე და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს", - აღნიშნულია სახალხო დამცველი განცხადებაში.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი დააკავეს.
"თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე ამბობს, რომ სამართალდამცავები მისი და მისი მეგობრების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ჰომოფობიური სიტყვებით მოიხსენიებდნენ.
"პიდარასტებო, ჩვენი პატრიარქის ქვეყანაში როგორ ხართ, თქვენაირი ბინძურები როგორ უნდა დავიცვათ", - ციტირებს ლევან ბერიანიძე პოლიციელების სიტყვებს, რითაც მას და მის მეგობრების მიმართავდნენ.
მათ მოსანახულებლად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე იმყოფებოდა.
ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულებს ერთი შეხედვით დათვალიერებისას გარკვეული ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ.
მისივე თქმით, სახეზე დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები და ნაკაწრები აქვთ და აპარატი ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან პროცესუალურ დარღვევას.
დაკავებულების სხეულზე ძალადობის კვალს საია-ც ადასტურებს.
შეგახსენებთ, "თანასწორობის მოძრაობის" წევრები პოლიციას ჰომოფობიურ ნიადაგზე ცემაში ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "თანასწორობის მოძრაობის" წევრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდნენ. მათი ინფორმაციით, ალკოტესტით შემოწმების შედეგად, ლ.ბ.-ს და თ.კ.-ს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდათ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მოძრაობის წევრების ბრალდებებს გენერალური ინსპექცია სწავლობს.