"თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე ამბობს, რომ სამართალდამცავები მისი და მისი მეგობრების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ჰომოფობიური სიტყვებით მოიხსენიებდნენ.
"პიდარასტებო, ჩვენი პატრიარქის ქვეყანაში როგორ ხართ, თქვენაირი ბინძურები როგორ უნდა დავიცვათ", - ციტირებს ლევან ბერიანიძე პოლიციელების სიტყვებს, რითაც მას და მის მეგობრების მიმართავდნენ.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი დააკავეს. მათ მოსანახულებლად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე იმყოფებოდა.
ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულებს ერთი შეხედვით დათვალიერებისას გარკვეული ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ.
მისივე თქმით, სახეზე დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები და ნაკაწრები აქვთ და აპარატი ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან პროცესუალურ დარღვევას.
დაკავებულების სხეულზე ძალადობის კვალს საია-ც ადასტურებს.
შეგახსენებთ, "თანასწორობის მოძრაობის" წევრები პოლიციას ჰომოფობიურ ნიადაგზე ცემაში ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "თანასწორობის მოძრაობის" წევრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდნენ. მათი ინფორმაციით, ალკოტესტით შემოწმების შედეგად, ლ.ბ.-ს და თ.კ.-ს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდათ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მოძრაობის წევრების ბრალდებებს გენერალური ინსპექცია სწავლობს.