"თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე პოლიციამ ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემა და დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ნინო ბოლქვაძე ავრცელებს.
როგორც "თანასწორობის მოძრაობის" წევრი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, პოლიცია ბერიანიძეს და კიდევ ერთ პირს წვრილმან ხულიგნობასა და წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
"ლევან ბერიანიძე "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ჰომოფობიურ ნიადაგზე არის ნაცემი და დაკავებული პოლიციის მიერ ბათუმში. მეტის თქმა ვერ მოასწრო. შევატყობინეთ სახალხო დამცველის ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც იმედი გვაქვს დროულად ნახავს ლევანს იქ სადაც არის. ასევე დავრეკეთ შსს-ს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე, მოვთხოვეთ სასწრაფო რეაგირება.
ამ წუთას ლევანის ტელეფონი გამორთულია და არ ვიცით რა ხდება, გრძელდება თუ არა ცემა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულიო - სახალხო დამცველმა", - წერს ადვოკატი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ორი პირი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიული ქმედებებით და არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, შეეწყვიტათ ეს ქმედებები.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ლევან ბერიანიძის და სავარაუდოდ, "თანასოწორობის მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, თორნიკე კუსიანის სანახავად უკვე შევიდნენ.