ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები მოწმობს, რომ ამერიკა მომავალშიც აპირებს საქართველოში თავისი გავლენის გაძლიერებას. ოს სეპარატისტთა ლიდერის კრიმინალური მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადებები ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირებას არ ემსახურება.
"პირიქით, ეს განცხადებები აქეზებს საქართველოს ხელისუფლებას "ახალი მიღწევებისკენ", ანუ ახალი აგრესიული მოქმედებების განხორციელებისკენ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველო რჩება რუსეთზე ამერიკული გავლენის განხორციელების მოედნად და ყოველივე ეს "გადატვირთვის" პოლიტიკის მიუხედავად ხდება", _ აცხადებს "მინისტრი".
ამას გარდა, ჯიოევი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ცხინვალის რეგიონში "სრულიად კანონიერ, მოლაპარაკებათა" საფუძველზე იმყოფებიან. მისივე თქმით, თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთი თავის მხრივ მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს საქართველოსთან, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
"სამხრეთ ოსეთი მზადაა საქართველოსთან მოლაპარაკებებისათვის, თუმცა ამის აუცილებელ პირობად თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას მიიჩნევს", _ აცხადებს ჯიოევი.