გალის რაიონის სოფელ თაგილონთან ახლოს რუსმა მესაზღვრეებად წოდებულმა ოკუპანტებმა საქართველოდან მომავალი სამი ტონა ხილით დატვირთული ორი ავტომობილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, აფხაზეთში არსებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების პრესსამსახურის უფროსი ვასილი მალაევი ავრცელებს.
"გალის რაიონის სოფელ თაგილონის ახლოს, სახელმწიფო საზღვრიდან 50 მეტრში მესაზღვრეებმა ორი ავტომობილი დააკავეს, რომლებიც საქართველოდან მოდიოდნენ. ავტომობილებში სულ ოთხი ადამიანი _ აფხაზეთის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე იჯდა", _ იუწყება მალაევი.
მისივე ინფორმაციით, ავტომობილები საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის.
"დაკავებულები და ტვირთი აფხაზეთის უშიშროების სამსახურს გადასცეს", _ აცხადებს მალაევი.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქე უკვე გათავისუფლებულია.