სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მირა ცხოვრებოვა აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა საქართველომ უნდა აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი იქნება მზად ითანამშრომლოს საქართველოსთან.
"მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა არა მხოლოდ საქართველოს მიერ ხსენებული შვიდი პუნქტის მიხედვით, არამედ სხვა მრავალი პუნქტის მიხედვითაც", _აცხადებს ცხოვრებოვა.
ამას გარდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. ოსური საზოგადოებისათვის სრულიად გაუგებარია, თუ რაში სჭირდებათ მათ საქართველოს მიერ შეთავაზებული დოკუმენტები "ნეიტრალური სტატუსით".
"რა აუცილებლობა არის ამისა სრულიად გაურკვეველია. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90 % რუსეთის პასპორტები აქვთ. რომელი შეთანხმების საფუძველზე ან რა ნდობის საფუძველზე სთავაზობს საქართველო სამხრეთ ოსეთს მიიღოს საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის საჭირო "ნეიტრალური სტატუსის" პირადობის მოწმობები", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. მრჩეველი კოსტა ძუგაევი და დასძენს, რომ "საქართველოს ამ წინადადებით "ნეიტრალური სტატუსის" მოწმობების აღების შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 0,0 % დაინტერესდება".