"აშშ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს", _ დარწმუნებულია ე. წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის" ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები სხვადასხვა დონეზე აგრძელებენ იმაზე საუბარს, რომ არასოდეს აღიარებენ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ეს მაინც მოხდება.
"მაგრამ მე ვიცი, რომ არასოდეს არ უნდა თქვა "არასოდეს" და ადრე თუ გვიან ეს მოხდება. ჩვენ კი გვირჩევნია, დაველოდოთ, როცა აშშ-ის ხელისუფლებაში ბოლოს და ბოლოს გააცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მოხდა საშინელი აგრესია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა დაგმოს აგრესია და აგრესორი", _ აცხადებს ძიცოითი.
მისი თქმით, არავითარი საფუძველი არა აქვს საუბრებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის უკანონო ყოფნის შესახებ.
"ისინი აქ ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებიან, რომელიც რუსეთთან გავაფორმეთ და გარწმუნებთ, რომ ისინი აქ ზუსტად იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც მოლაპარაკებულია, _ კერძოდ, 99 წელიწადს", _ აცხადებს ძიცოითი.