ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაალ აბაზაძემ თანამდებობა დატოვა. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ აბაზაძის საქმიანობის გაკრიტიკება გახდა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა აბაზაძე ეკონომიკის მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის, ვერა ქობალიას წარდგენას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ დასწრებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "სპეციალურ რეპორტაჟისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი "გაგნებაში არ არის" ქვეყანაში რამდენი ტურისტი შემოდის.
"რამდენიმე დღის წინ, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ ტელეარხზე ტურისტების რაოდენობის შესახებ დასმული შეკითხვებიდან ვერც ერთს პასუხი ვერ გასცა. საერთოდ არაფრის გაგნებაში არ იყო და გაუკვირდა კიდეც ასეთ კითხვებს რატომ უსვავდნენ", - აღნიშნა სააკაშვილმა.