ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი რუსული ენის "მეორე სახელმწიფო ენად" გამოცხადებას აპირებს. სეპარატისტული "მთავრობის" ლიდერი აცხადებს, რომ სულაც არ არის წინააღმდეგი ცხინვალის რეგიონში რუსულ ენას სახელმწიფო სტატუსი მიენიჭოს თუმცა იქვე დასძენს, რომ ამის ფონზე ოსური ენის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს.
კოკოითი ასევე აცხადებს, რომ რეგიონისათვის ოსური და რუსული ენაც მშობლიურია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მზადდება კანონპროექტი, რომელსაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს. კანონპროექტს "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენის შესახებ" ეწოდება.
კანონპროექტის "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენის შესახებ" მიხედვით _ ე.წ. სახელმწიფო ენა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოსური ენა იქნება, ხოლო რუსულ ენას "ოფიციალური ენის" სტატუსი რჩება.
სეპარატისტები აღნიშნავენ, რომ _ "ეს იქნება ენა, რომელზეც იქნება ურთიერთობა სახელმწიფო დაწესებულებებში, სამუშაო ენა და საქმეთწარმოების ენა".