საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, საქართველოში საპენსიო პაკეტი 150 ლარს შეადგენს. ამის შესახებ განცხადება ნიკა გილაურმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა.
პენსიონერების საკითხით საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა და როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში 800 ათასი პენსიონერია, რომლებსაც საშუალოდ 80-ლარიანი პენსია აქვთ, რაც მისი თქმით, საარსებო მინიმუმის ნახევარია.
ამიტომ იგი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას. იმის გამო, რომ ამ გეგმის სათაური არის საქართველო სიღარიბის გარეშე. რეალურად კი 800 ათასი ადამიანი საარსებო მინიმუმის გარეშეა დარჩენილი. თუმცა მის საპასუხოდ ნიკა გილაური აცხადებს, რომ საპენსიო პაკეტი ჯამში 80 ლარს კი არა 150 ლარს შეადგენს და მისი განმარტებით, აქ შედის პენსიონერისათვის მიცმეული სადაზღვევო პაკეტი თუ სხვა დახმარებები.
მისი თქმით, პენსიის 5 და 10 ლარით გაზრდა პენსიონერებს ბევრს არაფერს გადაუწყვეტს, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს გაჭირვებულ მოსახლეობაზე და მისი თქმით, ამ კატეგორიაში შეიძლება შევიდეს არაპენსიონერიც და იგი იმის გამო არ უნდა დაიჩაგროს, რომ პენსია არ ეკუთვნის.