"დიდ პოლიტიკაში არ არსებობენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყნები. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. ვაფასებთ იმას, რაც რუსეთმა ჩვენთვის გააკეთა", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა პარტია "ედიანაია აფხაზიასთან" პარტიულ აქტივთან შეხვედრისას.
მისი თქმით. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთი იმდენადაა დამოკიდებული რუსეთზე, რამდენადაც გერმანია აშშ-ზე.
"მთავარია არა ის, თუ რამდენმა ქვეყანამ აღიარა ან აღიარებს აფხაზეთს უახლოეს პერსპექტივაში, მთავარია ის, თუ ჩვენ როგორ გავამყარებთ ჩვენს დამოუკიდებლობას", _ განაცხადა ბაღაფშმა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთთან ახორციელებს.
"საუბარი მიდის აფხაზეთის გაზიფიკაციაზე, გაზსადენის გადებაზე შავი ზღვის ფსკერზე ტუაპსედან სოხუმამდე და შემდეგ ოჩამჩირემდე, რკინიგზის აღდგენის პროექტზე და ა. შ.", _ განაცხადა ბაღაფშმა.
სეპარატისტთა ლიდერი ასევე აცხადებს, რომ ამჟამად მიდის მუშაობა საავტომობილო გზის მშენებლობაზე, რომელიც ჩრდილო კავკასიას აფხაზეთთან ქალაქ ტყვარჩელის გავლით შეაერთებს, "თუმცა რთული მთიანი ლანდშაფტი ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს", _ დასძენს ბაღაფში.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ეკონომიკურად მომგებიან პროექტს უწოდებს აფხაზეთში ხორბლის რეექსპორტის განხორციელებას, რაც აფხაზეთისთვის ხორბლის შესყიდვის პრობლემას მოხსნის.
"სრული დატვირთვით ამუშავდება სოხუმის დამფქველი ქარხანა, რომელიც მომდევნო წელს 500 ათას ტონა მიიღებს, ერთი წლის შემდეგ 1 მილიონამდე ტონას, რაც "ბიუჯეტში 250 მილიონ რუბლს შემოიტანს", _ აცხადებს სეპარატისტთა ლიდერი.
ბაღაფშმა ასევე ისაუბრა თხევადი გაზისა და ბიტუმის ტრანზიტის შესაძლებლობაზე, თურქეთიდან და ჩინეთიდან რუსეთში ტვირთების რეექსპორტზე.