აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ქართველი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა.
საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც ქართველი სამართალდამცავები ფიჩორი-განმუხურის ზოლზე საგუშაგოსთან პატრულირებდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან სხვადასხვა სახის იარაღიდან ისროდნენ.
ქართველ სამართალდამცავს სნაიპერის ტყვია ფეხში მოხვდა, რომელსაც ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განაცხადებით მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ოკუპანტების პროვოკაციას ქართველი პოლიციელები არ აჰყოლიან და საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ. ინციდენტის ადგილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს.