"ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" საქართველოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი "ზოგიერთი საშუალებით გავრცელებული მოსაზრება, კომპანიის მიერ საქართველოს შესაძლო დატოვების შესახებ რეალობას არ შეესაბამება და საფუძველს
მოკლებულია".
მენეჯმენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან ჰაიდელბერგცემენტმა 350 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა საქართველოში და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აპრილში თბილისში ამოქმედდა რიგით მეორე თანამედროვე ბეტონის ქარხანა.
შეგახსენებთ, რომ ჰაიდელბერგცემენტი არის ცემენტის, ბეტონისა და სხვა სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე.
კომპანიის კუთვნილ 2600 საწარმოში, რომლებიც
მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 57 000 თანამშრომელია დასაქმებული.