ამ საქმეს გამოეხმაურნენ ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები, რომლებმაც საკუთარი გარჯით დააყენეს საქმე ფეხზე და ისინი ფინანსურად კი არა, გამოცდილებით და ინტელექტით ეხიდებიან ჩვენს მოძრაობას, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობაზე“ საუბრისას, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსობა არ შეიძლება და არ უნდა მოიპოვებოდეს თანამდებობით, პოლიტიკოსობა ნიშნავს შენი სპეციალობის მიღმა კიდე სხვა რაღაცეების დანახვას.
"სწორედ ამიტომ, „შენების მოძრაობაში“ ერთიანდებიან თავისი საქმით, თავის სფეროში დამკვიდრებული, საკუთარი შრომით მოპოვებული ავტორიტეტის მქონე ადამიანები, სწორედ ისეთები, როგორებიც სჭირდება პოლიტიკურ ცხოვრებას. ანუ საკუთარ პროფესიულ, მორალურ ფუნდამენტზე მყარად მდგარი ადამიანების შემომატება და შემოსვლა საქმეში. იმიტომ რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსობა არ შეიძლება და არ უნდა მოიპოვებოდეს თანამდებობით, პოლიტიკოსობა ნიშნავს შენი სპეციალობის მიღმა კიდე სხვა რაღაცეების დანახვას.
და შენს სპეციალობაში, შენს საქმეში თუ ვერ მიაღწიე რამეს, თუ ვერ დაიმკვიდრე ავტორიტეტი, მაშინ რატომ უნდა განდო ქვეყნის ბედი და მომავალი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.