უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს. მისი თქმით, ეს პასუხი იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ახალი კამპანიის დაწყებაზე.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზამთრის წინ სამხედრო დარტყმების სამიზნეების მნიშვნელოვნად გაფართოების შესახებ „ახალი დოქტრინა“ დაამტკიცა.
„ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი ნებას რთავენ, დაარტყან ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, გზებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს, რათა ხალხზე ზეწოლა მოახდინონ და აიძულონ ისინი დატოვონ დედაქალაქი და სხვადასხვა ქალაქი. სწორედ ეს არის ოპერაციის მიზანი“, - განაცხადა ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის ტაქტიკის ცვლილებას უპასუხებს, თუმცა მოსკოვის მსგავსად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განურჩევლად დაბომბვას არ აპირებს.
„ჩვენ ყველანაირად უნდა ვუპასუხოთ. მათი თავდასხმების საპასუხოდ ჩვენს ენერგეტიკაზე, ჩვენ უნდა დავარტყათ მათ ენერგეტიკას. უპირველეს ყოვლისა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს - ეს არის ის, რაც მათ ამ ომისთვის ფულს აძლევს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მსგავსად სამოქალაქო ობიექტებს არ დავარტყამთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის პოლიტიკის ცვლილება პუტინის სურვილს უკავშირდება, ძლიერ ლიდერად გამოჩნდეს იმ პერიოდში, როდესაც მისი ჯარები დონბასის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე პოზიციებს კარგავენ და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ გასულ კვირაში კიევი რუსეთის დრონებისა და რაკეტების ინტენსიური თავდასხმების სამიზნე იყო. მისი თქმით, იერიშების დროს ენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო ობიექტებთან ერთად გზებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანებაც მოხდა.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ოქტომბერს უცხოელებს, მათ შორის დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, უკრაინაში დარჩენისა და ქვეყანაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი „საპასუხო დარტყმებს“ გააგრძელებს.