ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ თავისი ე. წ. მთავრობის წევრებთან თათბირი ჩაატარა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კოკოითიმ ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ კანონპროექტებზე, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიარებების გავრცელებას და მოხმარებაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
საუბარი შეეხო ასევე კანონპროექტს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კოკოითიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი კანონი ჯერჯერობით მიღებული არ არის.
ოს სეპარატისტთა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენით სამუშაოზე დასაქმებული მუშების სახელფასო დავალიანების გადახდაზე,
"ჩვენ ფულს გამოვყოფთ, საქმე კი წინ არ მიდის. გაურკვეველია, სად მიდის ათობით მილიონი. ხალხმა უნდა იცოდეს, რა მიზეზით არ მიიწევს წინ მშენებლობა", - განაცხადა კოკოითიმ და ე. წ. სახელმწიფო კონტროლისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატრაზ პაკაზოვს, ამ საკითხის გარკვევა დაავალა.