ე.წ. სამხრეთ ოსეთის საელჩო სეპარატისტულ აფხაზეთში სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება. ოსი სეპარატისტების მიერ აფხაზი სეპარატისტებიდან იჯარით აღებული ტერიტორიის საერთო ფართი 1950 კვ. მეტრს შეადგენს. ხოლო თავად ორსართულიანი შენობის საერთო ფართი კი 798 კვ. მეტრს.
აღსანიშნავია, რომ ოსური მხარის ინფორმაციით, აღნიშნული ფართის იჯარაში მართალია აფხაზურმა მხარემ დიდი თანხა არ მოითხოვა, მაგრამ ხელშეკრულების პირობაში ე.წ. საელჩოს შენობის გარემონტება ოსურ მხარეს დაავალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2010 წლის ბიუჯეტის კომისიას მიმართა და საელჩოს შენობის გასარემონტებლად ფინანსების გამოყოფა მოითხოვა.
"სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტთან საელჩოს შენობის გამოყოფაზე ხელშეკრულება იჯარის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გაფორმდა. მართალია საიჯარო გადასახადი დიდი არ არის, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ხელშეკრულების შესრულების პირობად საელჩოსათვის გამოყოფილი შენობისათვის კაპიტალური რემონტის გაკეთება წამოგვიყენა. ყოველივე ეს კი, წინასწარი გათვლებით სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტს 35 მილიონი რუბლი დაუჯდება", _ აცხადებს მურატ ჯიოევი და დასძენს, რომ ამისათვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა მიმდინარე წელს 15 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს.
"სარემონტო სამუშაოების დასრულება, შეთანხმების მიხედვით, ორ წელიწადში იგეგმება, მაგრამ მიმდინარე წელს, სულ მცირე გამოყოფილი ტერიტორიის გალავნით შემოღობვა უნდა ვუზრუნველვყოთ", _ აცხადებს ჯიოევი.
მისივე თქმით, აფხაზეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საელჩოს შენობის გამოყენება, რომ მანამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოთხოვნისამებრ შეიძლება, ანუ მას შეეძლება მიიღოს წარმომადგენლები ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და ბავშვები, რომლებიც დასასვენებლად აფხაზეთში ჩავლენ. მისივე ინფორმაციით, ერთ მიღებაზე ე.წ. საელჩოს შენობა 150 ბავშვის მიღებას შეძლებს.
ოსური მხარის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბიუჯეტო კომისია მურატ ჯიოევის თხოვნას დაეთანხმა.