დღეს, 28 ივნისს, ოსი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებს განიხილავენ. სპეციალურად ამ საკითხისათვის შექმნილი კომისია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, უკვე მეორედ იკრიბება.
ოსი სეპარატისტები ასევე იუწყებიან, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებული არც ერთი დოკუმენტი არ გააჩნიათ. გარდა დოკუმენტისა რომელიც 1922 წლით თარიღდება და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნას ეხება. მათივე თქმით, ყველა დოკუმენტი თბილისშია.
"ჩვენ უკვე ჩავატარეთ წინასწარი სამუშაოები ამ საკითხებთან დაკავშირებით მოსკოვსა და ვლადიკავკაზში, რა თქმა უნდა გვაქვს გარკვეული სიძნელეები და ისინი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენთან არ არის შემონახული არც ერთი დოკუმენტი, გარდა დეკრეტისა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ, რომელიც 1922 წლით თარიღდება. ამ დოკუმენტების უმრავლესობა თბილისშია. ყველას კარგად ესმის, რომ იქიდან ჩვენ ვერაფრის მიღებას ვერ მოვახერხებთ. ამიტომაც ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვებთ იმას, რაც რუსეთის არქივებშია ", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილე პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევი და დასძენს, "იმის გათვალისწინებით, რომ ქართული მხარე ამ საკითხების განხილვას ერთობლივად არასოდეს დასთანხმდება ოსურ მხარეს უწევს ცალმხრივად იმუშაოს ამ მიმართულებით".