ოს სეპარატისტთა ერთ-ერთი მედიასაშუალების, საინფორმაციო სააგენტო "ოსინფორმის" დირექტორის მოადგილე იური ბეტეევი სტალინის ძეგლის აღებას და მის ადგილზე 2008 წლის გმირებისთვის ძეგლის დადგმას აკრიტიკებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გერმანიის ხელისუფლებას მიბაძოს.
"საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზი და ოსი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები კი არ უნდა უკვდავყოს, არამედ ისინი უნდა მოინანიოს", _ განაცხადა ბეტეევმა გორში იოსებ სტალინის ძეგლის ნაცვლად "2008 წლის გმირებისთვის" ძეგლის დადგმის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
"რომელი "გმირების" უკვდავყოფას აპირებს საქართველოს ხელისუფლება? მათ, რომლებიც ტანკებით სრესდა უსუსურ ხალხს? რომლებიც ჯავშანტექნიკიდან ცხრილავდა მთელს ოჯახებს? მათ ვინც მძინარე ცხინვალს "გრადით" ანადგურებდა? თუ მათ, ვინც თბილისსა და ქუთაისში სამარცხვინოდ გაიქცნენ, როგორც კი რუსული ჯარი დაინახეს?" _ აცხადებს "ოსინფორმის" დირექტორის მოადგილე და დასძენს, რომ რაც უფრო მეტი იქნება ამგვარი ძეგლი საქართველოში, მით უფრო შორეული იქნება პერსპექტივა ურთიერთობების ნორმალიზებისა ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის.
"საქართველოს ხელისუფლების გმირული ნაბიჯი იქნებოდა არა იმ ქართული არმიის ხსოვნის უკვდავყოფა, რომელმაც თავი უღირსად აჩვენა, არამედ შეცდომების აღიარება, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების გენოციდისა", _ აცხადებს ბიტიევი.
რაც შეეხება სტალინის ძეგლის აღებას, ბიტიევი აცხადებს, რომ ამ ფაქტშიც კარგად ჩანს საქართველოს ხელისუფლების უმადურობა.
"სტალინმა საქართველოსთვის გააკეთა ყველაზე მეტი, ვიდრე საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებისთვის. საერთოდ, ცოტა გაუგებარია საქართველოს სიძულვილი საბჭოთა პერიოდისადმი. იმ დროს ხომ რესპუბლიკა აყვავდა, რადგანაც 70-80 % ით დოტაციური იყო", _ აცხადებს ბიტიევი.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მაგალითი გერმანიისგან უნდა აიღოს, რომლის ხელმძღვანელობამაც თავის დროზე, თავის თავზე აიღო დანაშაულზე პასუხისმგებლობა, რომელიც ადოლფ ჰიტლერის დროს მოხდა.