სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია გაზეთ "რესპუბლიკა აბხაზიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვენესუელასა და ნიკარაგუაში აფხაზეთის ე. წ. საელჩოები უკვე მიმდინარე წელს გაიხსნება.
"ვენესუელაში უკვე გამოყოფილია მიწის ნაკვეთი აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის. აფხაზეთის წარმომადგენლად კი იქ მცხოვრები აფხაზეთის მოქალაქე ზაურ გვაჯავა დაინიშნება. გვაჯავა ვენესუელის ბოქსის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელია", _ აცხადებს ღვინჯია.
მისი თქმით, "უახლოეს მომავალში ასევე დაინიშნება რესპუბლიკა ჩილეში აფხაზეთის საპატიო კონსული".
"როდესაც არგენტინა აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, აფხაზეთის საელჩო იქაც გაიხსნება", _ აცხადებს ღვინჯია და დასძენს, რომ სულ სამხრეთ ამერიკაში იგეგმება სამი საელჩოს გახსნა, სხვა ქვეყნებში კი საპატიო კონსულები იქნებიან.
"აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს ლათინური ამერიკის თითოეული ქვეყანა თავისებურად წყვეტს", _ აცხადებს ღვინჯია და დასძენს, რომ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ქვეყნები ამას დამოუკიდებლად აკეთებენ.
"მაგალითად აშშ-ის კონგრესმა ეკვადორის პრეზიდენტს გაუგზავნა მოწოდება არ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. აშშ ყველანაირად მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ ერთადერთი ქვეყნები ამ რეგიონისა სადაც ქართული დელეგაცია მიიღეს პერუ და კოლუმბია იყო", _ აცხადებს ღვინჯია და დასძენს, რომ კუბის გადაწყვეტილება აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ზედაპირზე დევს.
"ჩვენ მხოლოდ მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, ვინაიდან კუბაზე გადაწყვეტილებებს ნელა იღებენ, მანამ კი ყველაფერს დეტალურად სწავლობენ", _ აცხადებს ღვინჯია.