"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" (სსე) გენერაციაში შესაძლო პროლემების აღმოსაფხვრელად, პირველად თავის ისტორიაში, ორჯაჭვიანი ანძა გადაიტანა და რიონის ნაპირს 70 მეტრით დააცილა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან" აცნობეს, 110 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "ბაში 1" და "ბაში 2" სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
"3-4 წლის განმავლობაში მდინარე "რიონი" რეცხავდა "ბაში 1-2"-ის 69-ე ანკერულ ანძის ფუნდამენტებს. ფუნდამენტში წყლის შესვლამ გამოიწვია მდინარის კალაპოტსა და ანძას შორის მანძილის 15 მეტრით შემცირება. მდგომარეობა კატასტროფული და საკმაოდ საშიში იყო, რადგან თითქმის მთლიანად გამოირეცხა ერთი ფუნდამენტი და წყალდიდობების გამო შეიქმნა ანძის წაქცევის საშიშროება. ანძის წაქცევის შემთხვევაში სისტემა დაკარგავდა გენერაციასთან კავშირს, რაც შეამცირებდა ჰესების მიერ გამომუშავებული იაფი ელ.ენერგიის სისტემაში შემოდინების შესაძლებლობას", - აცხადებენ სსე-ში
სსე-ის ინფორმაციით, ანძის გადატანის სამუშაო სსე-ის საპროექტო გადაწყვეტილებით, სსე-ი საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის გამოყენებით, იმერეთის რეგიონის თანამშრომლების ძალებით და კომპანიის შიდა რესურსებით შესრულდა. სამუშაო 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ბაში 1-2"-ის 69-ე ანკერული ანძის გადატანა და მისი მდგრადობა მნიშვნელოვანი პროექტია სისტემისთვის.