სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა მიესალმება ევროკავშირის სტრატეგიას, რომელიც მას აფხაზეთის მიმართ აქვთ შემუშავებული და ფორმულირებულია როგორც "ჩართულობა აღიარების გარეშე". თუმცა ამასთან ერთად სერგეი შამბა ასევე აცხადებს, რომ თუკი ეს ჩართულობა ევროპულ სივრცეში მხოლოდ საქართველოს მეშვეობით იქნება, არაფერი სასიკეთო აქედან არ გამოვა.
"მივესალმებით ამას როგორც პირველ ნაბიჯს, მაგრამ თუკი საუბარი წარიმართება იმაზე, რომ ეს ჩართულობა მხოლოდ საქართველოს მეშვეობით განხორციელდეს, ყოველივე მორიგ საპნის ბუშტად იქცევა", _ აცხადებს სერგეი შამბა.
მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები ამ "ჩართულობის" ნაცვლად აწყდებიან პრობლემებს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების მიღებაზე.
"მზად ვართ ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების განვითარებისათვის ევროკავშირთან აღიარების გარეშე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ აღიარების საკითხი იოლი არაა, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ დროთა განმავლობაში პოლიტიკური კონიუქტურა შეიცვლება და საკითხიგადაწყდება. უკეთეს დროს დაველოდებით", _ აცხადებს სერგეი შამბა.