ხვალ, 4 ნოემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროექტის "ინტელექტუალური საკუთრება" პრეზენტაცია გაიმართება.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო, რომელმაც 2009 წლის ოქტომბერში ასოციაციის სრული წევრობა მოიპოვა, იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის მზადებას იწყებს.
პროექტი ორ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი 2009 წლის აგვისტოში განხორციელდა, ქართველი და ჩეხი იურისტი სტუდენტებისთვის პროფესიული ტრენინგები ჩატარდა. პროექტის მეორე ეტაპი იმიტირებული პროცესების კონკურსს გულისხმობს. პროექტის ფარგლებში 8 იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება. გამარჯვებულები სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაივლიან. პროექტის მეორე ეტაპის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, III სართულზე, 332-ე აუდიტორიაში გაიმართება.
პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა; თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი შავლიაშვილი; იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. პროექტი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება.